ირმა ნადირაშვილი - პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, უნდა გახდეს ცნობილი დეტალები, თუ რით დასტურდება 19 წლის ახალგაზრდის კავშრი ჩატაევის ჯგუფთან, ასევე, ამ ახალგზარდის კავშირები სირიასთან.

„ჩვენ, ცხადია, არ ვაპირებთ წინასწარი დასკვნების გაკეთებას და ბრალდებების წაყენებას ხელისუფლებისთვის, არ ვაპირებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ამ თემაზე, მაგრამ აუცილებლად ვთვლით იმ კითხვების დასმას, რომელიც უკვე ლეგიტიმურია საზოგადოებაში. ამ კითხვას სვამს არამარტო ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრიც, 19 წლის ახალგაზრდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით იმყოფება საავადმყოფოში, არამედ ამ კითხვებს სვამს საზოგადოება და ჩვენი პოლიტიკური ძალა ვალდებულია ისაუბროს ამ თემაზე.

ჩვენი კითხვები ეხება 19 წლის ახალგაზრდის ეპიზოდს. პირველი კითხვა ისმება: აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მკაფიო დეტალები, რით დასტურდება ახალგაზრდის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან, თუნდაც სირიაში მისი კავშირები. ამ საქმის თაობაზე ჩვენ ვითხოვთ შესაბამისმა სტრუქტურებმა ძალიან მკაფიო პასუხები გაგვცენ“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, კითხვები არსებობს სამართალდამცველების მიმართაც. „მეორე კითხვა ისმება სამართამდამცავებთან: ჩვენ ვნახეთ, რომ გამოყენებული იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ძალა და სწორედ ამიტომ გვაინტერესებს მეტი დეტალი ვიცოდეთ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ რაც უფრო დამალავს დეტალებს, თუ არ იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი პასუხები, ეს კითხვები გაღრმავდება. გაღრმავდება არა მარტო ამ ახალგაზრდის ოჯახის მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდან. კადრებში ვიხილეთ, რომ ბალიშზე იყო სისხლი, ოჯახის წევრი ამბობს, რომ ამ ახალგაზრდას ეძინა და ამ ვითარებაში მოხდა გასროლა. ეს დეტალები აუცილებლად საჭიროებს დამატებით განმარტებებს სამართალდამცავების მხრიდან და ჩვენ ამ განმარტებებს ველოდებით“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, კანონიერი თვალთვალი არ ხდება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, ვინაიდან, მისივე თქმით, საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.

„რაც შეეხება ვითარების საერთო შეფასებას, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის შედეგი. ჩვენ წლების წინ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ პანკისში ვითარება უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს. ხელისუფლება თავიდანვე უნდა ჩარეულიყო, რომ ვითარების ამ დონემდე დაძაბვა არ მომხდარიყო. ის სურათი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ადასტურებს ჩვენს სიმართლეს, ჩვენ სამართლიან მოთხოვნებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩატაევის ჯგუფი ისე შემოვიდა თბილისში, ისე შემოიტანეს ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი, რომ ამის თაობაზე ხელისუფლებამ არაფერი იცოდა, ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ კანონიერი თვალთვალი არ მიმდინარეობს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ეხება და როდესაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. რესურსები გადანაწილებულია არაადეკვატურად და ჩვენი სპეცსამსახურები უთვალთვალებენ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია და არა იმ ადამიანებს, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, -განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა