აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს

ზუგდიდის #15-ე საბავშვო ბაღის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს და ღონისძიებას ჩაკეტილ კარს მიღმა, ჭუჭრუტანიდან ადევნებდა თვალს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. თეა ანჩაბაძე წერს, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია, რადგან თანატოლებთან საახალწლო ზეიმში დასწრების ან მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს კარი ჩაურაზეს. მე მყავს 4 წლის, აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის მივცემ“, - წერს მშობელი.

ქალაქ ზუგდიდის ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგის, თამარ ბებიას განმარტებით, ამ დროს იგი ბაღში იმყოფებოდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვი ზეიმზე არ შეუშვეს. ის მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. მისი ინფორმაციით, სპეციალური საჭიროებების მქონე სამივე ბავშვი სხვა ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ.

„ეს ბავშვი გარიყული ნამდვილად არ ყოფილა. მშობელმა გაიგო არასწორად. კარი ჩაკეტილი ნამდვილად იყო და გასაღები როგორც კი ვიპოვე, მე თვითონ გავაღე“, - ამბობს ბებია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაშიც გააკეთეს. მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას თქმით, ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება. ნანავა უკვე შეხვდა იმ ბავშვის მშობელს, რომელმაც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა. ნანავამ მისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მერიაში დაბარებული იყო ბაღის გამგეც.