მშენებლობაზე გარდაცვლილის ძმა - უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა ამ ობიექტის მშენებლობაზე

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსის მშენებლობის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის ოჯახი ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობაზე საუბრობს. გარაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ობიექტს არ ჰქონდა დამცავი ბადეები, თავად დასაქმებულები კი ჩაფხუტების გარეშე მუშაობდნენ.

„უკვე მეექვსე ადამიანი გარდაიცვლა ამ ობიექტის მშენებლობაზე. ჩემი ძმა ამბობდა, რომ უსაფრთხოება არ იყო დაცული. არ გაბედონ და ჩემს ძმას არაფერი დააბრალონ. ჯერ არაფერს ვითხოვ, იმის გარდა, რომ აწი მაინც გაამკაცრონ უსაფრთხოების ნორმები. თუ მაინც მუშებს დააბრალებენ, მერე მივმართავ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ გოგა ფხაკაძემ.

ოჯახის ინფორმაციით, ობიექტზე ბაგირი გაწყდა და მუშები მეათე სართულიდან ჩამოვარდნენ. 27 დეკემბერს, მრავლსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც კომპანია "იბერიის ვარსკვლავი" აშენებს, ორი მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.