ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” ახალ გეგმებს და ახალ მმართველ ბორდს წარადგენს

ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” ახალ გეგმებს და ახალ მმართველ ბორდს წარმოადგენს, რომელსაც ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს. პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “ჰოლიდაი ინნ“-ში გაიმართება.

ფედერაციის მართველი ბორდის წევრები არიან: წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითის“ დამფუძნებელი თინათინ რუხაძე, “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” დამფუძნებელი ნინო ზამბახიძე, ლიდერი იურიდიული კომპანია “ბიელსის“ მმართველი პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა, კომპანია გალფის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე, “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, უმსხვილესი ქართული საწარმო “დიოს” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი, საკომუნიკაციო კომპანია “ქი ქომუნიქეიშენის“ დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე, აზროვნების აკადემია “ლეტერატოს“ დამფუძნებელი თამარ რაზმაძე, მეცხოველეობის დარგის ლიდერი კომპანიის “კავკასიის გენეტიკა“ დამფუძნებელი თამარ ყაჭაშვილი.

“ფედერაციის მიზანია ქალ-ბიზნესმენთა იდეების მხარდაჭერა. იგეგმება ქალთა ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, ქალთა შორის ინოვაციური ბიზნეს იდეების პოპულარიზაცია, დაფინანსების მოძიების მხარდაჭერა და სასტიპენდიო ფონდების შექმნა. ბიზნესმენ ქალთა ფედერაცია დაეხმარება წევრებს კონკრეტული წინადადებების ან ინოვაციური იდეების ადვოკატირებაში და მეგზურობას გასწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. იგეგმება ბიზნეს ლიდერ ქალთა ლობის გაზრდა საკანონმდებლო დონეზე. ეტაპობრივად მოხდება ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოსა და გლობალურ ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების ასპექტებში. ფედერაცია გეგმავს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ლიდერ ქალებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განახლებულ ფედერაციაში მმართველი ბორდის თავმჯდომარის ადგილს თინათინ რუხაძისგან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტის ჯორჯია” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნინო კობახიძე გადაიბარებს.

ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია ორი წლის წინ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით შეიქმნა.

ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობას 2018 წლის პირველი თებერვლიდან შეუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა