კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გამართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლებელში მოღვაწე მეცნიერთა სტიმულირებისათვის ყოველწლიური სამეცნიერო პრემია „თამარი“ წელს დააწესა.

ცერემონიაზე კონკურსის წესით შერჩეული სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

I პრემია „თამარი“ და ფულადი პრიზი 3750 ლარი, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ფარმაცევტული ბიზნესის მიმართულებით სამეცნიერო ნამუშევრისთვის პროფესორ მანანა მარიდაშვილს გადაეცა.

II პრემია „თამარი“ და ფულადი პრიზი 2500 ლარი, სამედიცინო დარგში განხორციელებული მნიშვნელოვანი კვლევისთვის ექიმ-ნევროლოგ სოფიო კასრაძეს ერგო.

III პრემია „თამარი“ და ფულადი პრიზი 1250 ლარი, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით გამოქვეყნებული ნამუშევრისთვის პროფესორ მარიამ ჯიქიას გადაეცა.

პირველი პრემიით დაჯილდოებულმა მანანა მარიდაშვილმა უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს მეცნიერების განვითარებაზე.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დიდად ზრუნავს მეცნიერების განვითარებაზე. დღევანდელი საღამოც ამის მკაფიო დადასტურებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო მოვიპოვე და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება ძალიან კარგია მეცნიერების ხელშეწყობისთვის, მოტივაციისთვის, ახალგაზრდა მეცნიერების გაზრდისთვის“, - განაცხადა მანანა მარიდაშვილმა.

სამეცნიერო პრემია „თამარი“ კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის სახელს ატარებს.

პროექტის ორგანიზატორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სესილი გოგიბერიძის განცხადებით, პროექტის იდეა 7 თვის წინ დაიბადა და მისი განხორციელებაც მალევე დაიწყო.

„ჩვენი სურვილი იყო წაგვეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც ძალიან უჩუმრად აკეთებენ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა კვლევები და მეცნიერება. ჩვენ ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებდით ისეთ კვლევებს, რომელთა შესახებაც საერთაშორისო აუდიტორიამ იცოდა და პუბლიკაციები მაღალრეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში იყო გამოქვეყნებული. ასევე საზღვარგარეთ გამოქვეყნებული მონოგრაფიები ან მაღალი დონის კონფერენციებში მონაწილეობა იყო ამ კონკურსში მონაწილეთათვის უპირატესობა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 29 მეცნიერმა. კონკურსმა დაგვანახა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში ძალიან საინტერესო მეცნიერები მოღვაწეობენ“, - განაცხადა სესილი გოგიბერიძემ.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა