„თიბისი ბანკმა“ ახალი სათავო ოფისის და „თბილისის ბიზნესის ცენტრის“ პროექტი წარადგინა

„თიბისი ბანკმა“ ახალი სათავო ოფისის და თბილისის ბიზნესი ცენტრის პროექტი წარადგინა. კომპლექსს „თბილისის ბიზნესის ცენტრი“ ერქმევა, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგო-ეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო.

„თიბისის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც შექმნის მიმზიდველ სამუშაო გარემოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. მისი თქმით, ასევე ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის, რომლის ასაშენებლადაც დაახლოებით, 75 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

„ვიწყებთ გრანდიოზულ მშენებლობას. მომავალი წლის აპრილში, ჰოლანდიელი და ესპანელი სპეციალისტებისა და კომპანიების მიერ დაიწყება ბანკის სათავო ოფისის მშენებლობა, რომლის გარშემოც განლაგდება თბილისის ბიზნეს ცენტრი. „თიბისი ბანკის“ შენობა 9 კოშკისგან შეიქმნება. ეს იქნება რეგიონში უთანამედროვესი ტექნოლოგიებით აშენებული შენობა - ეკოსისტემასა და განახლებად ენერგიებზე დაფუძნებული და ტექნოლოგიურად ძალიან საინტერესო. ეს არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ, მშენებლობაშიც განსაკუთრებული განაცხადი იქნება. 2 წელიწადში ლისის მიდებარე ტერიტორიაზე საზეიმო გახსნა გვექნება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა, რომელმაც მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრა.

„მინდა წარმატებები ვუსურვო „თიბისი ბანკს“. მათი როლი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკის წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს. ენერგეტიკის სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იყო ბანკის მხრიდან და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მათი დაფინანსებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალაქის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს. მან შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შექმნა. ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები.

პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2000 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.

კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზებას. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის.

ფრანს ვან ვუურეს განცხადებით, მათ რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს, საფუძვლიანად გამოიკვლიეს ლოკაცია, ასევე, შეისწავლეს „თიბისის“, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომზადდა პროექტი, რომლის განხორციელებაში უკვე ესპანური კომპანია TYPSA ჩაერთვება. TYPSA მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, მაგალითად, მათ მიერ არის აშენებული ქალაქ მადრიდში „სანტანდერ ჯგუფის“ ახალი სათავო ოფისის კომპლექსი.

TYPSA-ს გლობალური დირექტორის ანტონიო კაპილა მატარედონას თქმით, „თიბისი ბანკის“ ახალი ოფისის იდეა მთლიანად ეფუძნება ინოვაციურ და კრეატიულ ტექნოლოგიებს, ამავდროულად, ის არის გამჭვირვალე და ღია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს საფინანსო სერვისების მომწოდებელი ორგანიზაცია 21-ე საუკუნეში.

პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. როგორც ანტონიო კაპილა მატარედონა ამბობს, თბილისის ბიზნეს ცენტრი სავიზიტო ბარათი გახდება „თიბისი ჯგუფისთვის“, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია.

ამასთან, სახელწოდებით „25 წელი საქართველოსთან ერთად“ „თიბისი ბანკმა“ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და 25 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და შედეგები გაუზიარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს