ნუგზარ წიკლაური - უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის პანკისში და მთლიანად ქვეყანაში სტაბილურობას, რაც ოკუპანტ რუსეთს აძლევს ხელს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება, - ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორი დღის წინ, პანკისის ხეობაში ღამით ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, „ხელისუფლებამ საძინებელ ოთახში მყოფი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა“.

„ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ბრალეულობის ჰიპოთეტური არსებობის შემთხვევაშიც კი აუხსნელია ასეთი სისასტიკე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საფრთხეს არ ქმნიდა და საკუთარ სახლში ეძინა. სახელმწიფოს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალა არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შელახოს საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, სიცოცხლის უფლება. პანკისის სპეცოპერაცია ჩატარდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია პასუხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელსაც ქართული საზოგადოება და სტრატეგიული პარტნიორები სვამენ. ეს გარემოება აძლიერებს ვერსიას, რომ ჩატაევის საქართველოში შემოსვლას კურირებდნენ სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, ხოლო პანკისის ოპერაცია არის მთავარი კითხვებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. როგორ შეძლეს 2012 წელს გათავისუფლებული ჩატაევის ჯგუფმა საქართველოს ოფიციალური საზღვრის გადმოკვეთა? როგორ მოახერხეს ტერორიზმში ბრალდებულებმა ქვეყნის ტერიტორიის შეუმჩნევლად და დაუბრკოლებლად გამოვლა? როგორ შეძლეს მათ თბილისის ცენტრში ბაზის მოწყობა სამხედრო აღჭურვილობის შეტანა? რა როლი და პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში სამთავრობო და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობისავე მტკიცებით სუს-ი რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა შეიარაღებული ჯგუფის წევრთა მოქმედებებს“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააყალბოს გამოძიება, არ გადატეხოს ჯოხი უდანაშაულო მოქალაქეებზე და პანკისის ხეობის მოსახლეობისგან ხელოვნურად არ შექმნას მტრის ხატი.

„უსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში, რაც მხოლოდ ოკუპანტ რუსეთის ფედერაციას აძლევს ხელს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო