აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე სამეცნიერო წრეებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებები სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამჯერად სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აშშ-ის განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო ღიაა თანამშრომლობისთვის და მზად არის განიხილოს სხვადასხვა მოსაზრება და წინადადება.

შეხვედრაზე სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები და შემუშავებული სტრატეგიული ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს; იმსჯელეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მავნებელთან ბრძოლის პრაქტიკასა და საქართველოს გამოცდილებაზე. ხაზგასმით აღინიშნა მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის მნიშვნელობა. მეცნიერების მხრიდან სამინისტროსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატი დადებითად შეფასდა.

2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია. პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა, მათ შორის პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა