თამარ ჩუგოშვილი - რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა შეუძლებელია და ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა

რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი, ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თანამშრომლობასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს და ეს არის ჟენევის ფორმატი.

,,რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი. ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა. რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატში. პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსი რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ, რომ არის შეუძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის იყო აქამდე”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კავშირების ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა“. როგორც კარასინმა აღნიშნა, ამის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის საერთო ძალისხმევით, „ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში ხელშესახები შედეგების მიღწევა და ჰუმანიტარული კავშირების გამყარება გახდა შესაძლებელი”.

”მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს”, - განაცხადა კარასინმა.