ახლობლის ინფორმაციით, რაიონის გამგეობა ისანში სოციალურად დაუცველი ქალბატონის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე უარს ამბობს

ისანში სოციალურად დაუცველი ქალბატონი გარდაიცვალა, რომლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე ისნის გამგეობა უარს ამბობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” იმ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომელშიც გარდაცვლილი იყო შეფარებული.

მისი ინფორმაციით, პირადად იმყოფებოდა ისნის გამგეობაში, თუმცა, იქ უპასუხეს, რომ წლის ბოლოა და ბიუჯეტი აღარ აქვთ. „ეს ქალბატონი იყო სოციალურად დაუცველი და იმყოფებოდა შეფარებული ერთ-ერთ ოჯახში. გუშინ გარდაიცვალა. ჩვენ ავიღეთ გარდაცვალების ცნობა და მივმართეთ ისნის გამგეობას, რომ დაკრძალვის ხარჯები გაეღოთ. თუმცა, იქ გვითხრეს, რომ წლის ბოლოა და ბიუჯეტი არ აქვთ. ჩვენ მხოლოდ სარიტუალო ხარჯებს ვითხოვდით, რადგან ქალბატონს მეუღლის გვერდით ადგილი აქვს. ეს ქალბატონი იყო მანანა ფროიძე. ისნის გამგეობაში შეურაცხყოფა მომაყენეს. ახლა ვგეგმავთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ტელევიზიებს და თუ ესეც შედეგს არ გამოიღებს, მეზობლები შეიკრიბებიან, მოჰკიდებენ ამ მიცვალებულს ხელს, წაიყვანენ ისნის გამგეობაში და დაასვენებენ იქ. ახალი წელია, ყველას თავისი ოჯახი აქვს. მადლობა უნდა გვითხრან, რომ ასეთ ოჯახს ვინახავდით”, - განაცხადა ხათუნა გოგიჩაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გარდაცვლილი ქალის დაკრძალვის ხარჯებს გამგეობა 3 იანვრამდე ვერ გაიღებს, რადგან რაიონის ბიუჯეტი მთლიანად გახარჯულია. მათი განმარტებით, გარდაცვლილის ნათესავს შესთავაზეს, რომ საკუთარი ხარჯებით დაესაფლავებინათ, 3 იანვარს კი გამგეობა ამ ხარჯს აუნაზღურებდა, თუმცა, შეთავაზებაზე მათ უარი თქვეს.

„აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილის ნათესავმა გვაცნობა. ის პირადად იყო მოსული გამგეობაში და ითხოვდა დაკრძალვის ხარჯებს, თუმცა, წლის ბოლოა და ბიუჯეტი მთლიანად გახარჯულია. ამიტომ გამგეობას ერთჯერადი დახმარების გაცემაც კი არ შეუძლია. შევთავაზეთ, რომ დაეკრძალათ საკუთარი ხარჯებით, 3 იანვარს კი დაეწერათ განცხადება და შესწავლის შემდეგ ამ ხარჯს ავუნაზღაურებდით, თუმცა, უარი მივიღეთ“, - აცხადებენ ისნის რაიონის გამგეობაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა