თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„არანაირ გართულებას ტრანსპორტირებისას ადგილი არ ჰქონია. ჩაუტარდება გამოკვლევები და დამატებით კომენტარს კლინიკის ექიმები გააკეთებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა ბაია დემურიამ.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.