სუს-ის ინფორმაციით, თურქეთში გოჩა (ალი) საგინაძე სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სუს-ის განმარტებით, გოჩა (ალი) საგინაძე არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ის ტერორიზმთან კავშირშია მხილებული.

მათივე ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.

თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „მილიეტმა“ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ოფის მახლობლად კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო