გიორგი შარაშიძე - ეჭვებს აჩენს ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დავა მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიწყო

ბიზნესმენი გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ლილოს ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრქტვიჟენის“ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთს ეხება, „კარტელების საქმის“ გაგრძელებას უკავშირებს.

როგორც ბიზნესმენმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რეალური სამართლებრივი ეჭვები არ არსებობს. მისი თქმით, აღნიშნულ ეჭვებს ისიც აჩენს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დავა მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიწყო.

„ეს საქმე აღიძრა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, დავა დავიწყეთ სასამართლოში და განცხადება შევიტანეთ კონკურენციის სააგენტოში კარტელის წინააღმდეგ. თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ საქმეზე და შენობა- ნაგებობებზე, მარტივად არის შესაძლებელი ამ საქმის გამოძიება ვიდეოჩანაწერების ამოღებით. ექვსი თვის წინ გადავაბარეთ ჩვენ შენობა სახელმწიფოს და ეკონომიკის სამინისტროს ამ დროის განმავლობაში არ ჰქონდა არც ერთი შენიშვნა. დღეს, ექვსი თვის თავზე აღმოჩნდა, რომ შენობები სადღაც გაქრა და როგორ გაქრა და ვინ გააქრო, არ გამოუძიებიათ. ეს პირველ რიგში მეტყველებს მათ უმოქმედობაზე, როდესაც ქვეყანაში მოწოდების სიმაღლეზე არ დგას უწყებები. ჩვენ ველოდებოდით, რომ ასეთი განვითარება მოჰყვებოდა ამ საქმეს“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, მოხდა თუ არა არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობების დემონტაჟი, შარაშიძე პასუხობს, რომ არც ერთი შენობის დემონტაჟი არ მომხდარა და, რომ ტერიტორიაზე წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მთლიანად ინფორმირებული იყო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, რომელმაც კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საგარანტიო თანხად 35 000 ლარი წაიღო.

„არც ერთი აგური იქიდან არ არის გამოტანილი და თუ ეს მოხდა, სურვილია, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული. ქვეყნის მასშტაბით უამრავი სათვალთვალო კამერაა და ამოიღებდნენ ჩანაწერებს. იქ უნდა ემუშავა მძიმე ტექნიკას, ტრაქტორებს და ა.შ ამის ჩუმად გაკეთება იყო შეუძლებელი. ქონების ეროვნული სააგენტო საქმის კურს იყო და წაიღეს საგარანტიო თანხა, 35 000 ლარის ოდენობით. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკის სამინისტროს, ვინაიდან ჩვენ ექვსი თვის წინ ეს შენობები ჩავაბარეთ მათ“ , - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთავრობის განკარგულების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებით დაინტერესდა. საქმე ეხება „კონსტრაქტვიჟენის“ მიერ შესყიდული მიწის ნაკვეთს, რომელიც კომპანიამ 2016 წელს შეიძინა იმ ვალდებულებით, რომ უნდა განეხორციელებინა გარკვეული სახის ინვესტიცია. თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკან გამოისყიდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებული 4 შენობა-ნაგებობა დანგრეული იყო, საიდანაც, სავარაუდოდ, გიორგი შარაშიძის კომპანიამ მილიონ ლარზე მეტი მოგება ნახა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს