ეროვნულ მუზეუმში ავტოკეფალიის აღდგენისა და პატრიარქისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 29 დეკემბერს, გამოფენას „საქართველოს ეკლესია 1917-2017 წლებში“ გამართავს, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენიდან 100, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს.

” XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ საქართველოს ჯერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა (1801), შემდეგ კი ეკლესიის ავტოკეფალია (1811) გაუუქმა.

ამ გარემოებას დიდი გულისტკივილით შეხვდა ქართველ ერისკაცთა და სასულიერო პირთა რჩეული ნაწილი, რომელიც სიტყვითაც და საქმითაც თავგანწირულად იბრძოდა ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად. ქართული ინტელიგენციისა და სამღვდელო დასის წარმომადგენლებს კარგად ესმოდათ, რომ ამ ბრძოლაში ძალზე დიდი იყო ეკლესიის როლი და ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ მისი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

1917 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელსაც იგი V საუკუნიდან ფლობდა. მაგრამ, საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესიამ, ისევე, როგორც ყველა სხვა აღმსარებლობის რელიგიურმა ინსტიტუციამ, ყოველგვარი უფლება დაკარგა და მისი დამოუკიდებლობაც ნომინალური გახდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ბოლო ასწლეულშიც ძალზე აქტუალური იყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დიდი ძალისხმევით, 1990 წელს მსოფლიო პატრიარქმა სცნო და დოკუმენტურადაც დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო-დოკუმენტური მასალა, რომელიც გვიჩვენებს სწორედ იმ პროცესებს, რაც ავტოკეფალიისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს ეკლესიამ 1917 წლიდან გაიარა. ექსპოზიცია მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, ვინც საქვეყნო და საეკლესიო საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ძველი და ახალი საეკლესიო ნივთები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორ აღდგა და გრძელდება საქართველოში ილია II-ის წინამძღოლობით მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ხელოვნების განვითარება.

გამოფენის გახსნაზე გაიმართება საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია.

გამოფენა 29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება და 2018 წლის 30 იანვრამდე გასტანს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა