დათო ტურაშვილი კლინიკაში რჩება

მწერალი დათო ტურაშვილი ამ დროისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობას აგრძელებს. როგორც ტურაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის დღესაც კლინიკაში რჩება და მკურნალობს.

მწერალი კულტურის სამინისტროდან სასწრაფო დახმარების მანქანით „ნიუ ჰოსპიტალში“ გუშინ გადაიყვანეს.

დათო ტურაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან მწერლების შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ის თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა, მედიკოსებმა საავადმყოფოში მისი გადაყვანა მაინც საჭიროდ ჩათვალეს.

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გუშინ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მწერლებსა და მთარგმნელებს ხვდებოდა. მოგვიანებით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც შეუერთდა, სადაც საუბარი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ შემთხვევაზე გაგრძელდა. მოულოდნელად მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.