გიორგი ჩოგოვაძე - 2017 წელს დავასრულებთ 7 400 000 საერთაშორისო მოგზაურით და შემოსავლების ნაწილში ახალი რეკორდით

2017 წელს დავასრულებთ 7 400 000 საერთაშორისო მოგზაურით და ასევე ახალი რეკორდით შემოსავლების ნაწილში, რომელიც მიაღწევს 2 მილიარდ 700 მლნ დოლარს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2017 წლის შეჯამებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2017 წელი გამორჩეული და წარმატებული წელიწადია საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით და ასევე რეკორდულია უცხოელი ტურისტების თვალსაზრისით.

„2017 წლის 10 თვის განმავლობაში ჩვენ დავეწიეთ 2016 წლის 12 თვის მონაცემებს, ხოლო 11 თვის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით, 7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური უკვე გვყავდა და წელს დავხურავთ 7 400 000 საერთაშორისო მოგზაურით და ასევე ახალი რეკორდით შემოსავლების ნაწილში, რომელიც მიაღწევს 2 მილიარდ 700 მლნ დოლარს“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება 2018 წელს, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს საქართველოში ტურისტების მოწვევას.

„ჩვენი ამოცანა იქნება მოვიზიდოთ უფრო მეტი გადახდისუნარიანი ტურისტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამავდროულად, განვავითაროთ ტურიზმის ის მიმართულებები, რომლებიც ხელს უწყობს ასეთი მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტების შემოსვლას. პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქმიანი, გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას და იმ მიმართულებებს, რომლებიც საქართველოში დინამიურად გაზრდის ტურისტების რაოდენობას“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წლევანდელ წელს ზამთრის სეზონი საქართველოს კურორტებზე წარმატებით ჩაივლის.

„ამის თქმის საშუალებას და უფლებას გვაძლევს იმ ჯავშნების რაოდენობა, თუ როგორი დატვირთულია უკვე სასტუმროები და იქნება ის ზამთრის თვეებში. ზოგადად, მთის კურორტების განვითარებას ჩვენ ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა და ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით. შედეგად ჩვენ ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით, როგორც ჩვენს თანამოქალაქეს, ისევე სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.