საქალაქო სასამართლო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო.

„სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ზვიად რატიანის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.