ზურაბ აბაშიძე - თუ ჩუგოშვილი გულისხმობდა, რომ რუსეთთან პოლიტიკური საკითხების განხილვა უკეთესია საერთაშორისო ფორმატში, ეს ასეც ხდება

თუ თამარ ჩუგოშვილი გულისხმობდა, რომ რუსეთთან პოლიტიკური საკითხების განხილვა უკეთესია საერთაშორისო ფორმატში, ეს ასეც ხდება, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადების იმის შესახებ, რომ რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა შეუძლებელია.

ზურაბ აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური საკითხები ჟენევის ფორმატში განიხლება, ეკონომიკურ-სავაჭრო კი - პრაღის ფორმატში.

„პრაღის ფორმატის გაუქმება არ იგეგმება. ჩვენი მორიგი შეხვედრა, ალბათ, გაიმართება თებერვალში. განვიხილავთ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხებს. ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემა, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ამ კუთხით ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით 2013 წლიდან. აღდგა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში და მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ რუსეთში, რაც ძალიან სერიოზული პოზიტიური ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისთვის. აღდგა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ამან ხელი შეუწყო საქართველოში ტურიზმის განვითარებას არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ ზოგადად. საკუთრივ რუსეთიდან კი წელს მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა. ჩვენ ვმჯელობთ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. გავათავისუფლეთ ჩვენი 8 მოქალაქე, რომლებიც მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ ჯაშუშობის ბრალდებით. განვიხილავთ ბიზნესის ხელშეწყობის თემატიკას, ასე რომ ამ მიმართულებებით ეს დიალოგი გაგრძელდება. რუსეთთან დიალოგი არის ძალიან რთული, მაგრამ ამ შემთხვევაში კვლავ დავესესხები ნატო-ს გენერალურ მდივანს იმის თაობაზე, რომ დიალოგი რუსეთთან არის რთული და ამიტომ არის საჭირო“, - განუცხადა აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს ცალსახად ურჩევენ, გააგრძელოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა არის შეუძლებელი, რაც ბევრ ეტაპზე დამტკიცდა“.

„რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატში. საქართველოს პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ, რომ არის შეუძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჟენევის ფორმატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის იყო აქამდე”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთთან დიალოგს ორ ძირითად ფორმატში აწარმოებს: საერთაშორისო ფორმატში (ჟენევის დისკუსიები) - გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების) და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფალთა წარმომადგენლების მონაწილეობით და პირდაპირ დიალოგს (პრაღის ფორმატში), სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს