გიგი უგულავა - 2017 წელს „ქართული ოცნება” შევიდა გვიანი აბსოლუტიზმის ფაზაში, რაც ხასიათდება უკონტროლობით, თვითტკბობით და პრობლემების მიმართ გაუცხოებით

2017 წელს ”ქართული ოცნება” შევიდა გვიანი აბსოლუტიზმის ფაზაში, რაც ხასიათდება უკონტროლობით, თვითტკბობით და პრობლემების მიმართ გაუცხოებით, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

”ინტერპრესნიუსი” დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 2017 წელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და რა მოლოდინი აქვს 2018 წელს პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით.

”2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა გასულიყო ქვეყნიდან. უდავოდ უმნიშვნელოვანესია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ”ჯაველინების” შეძენის დაშვებასთან დაკავშირებით, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას, მთავარ პრობლემად რჩება კიდევ უფრო დამძიმებული სოციალური ფონი, ვნახეთ ტარიფების საკითხი. ახალი წლის წინ მთავრობა და სემეკი ცდილობს “გაატაროს”, თითქოს საცივს გადააყოლოს, რაც სრული აბსურდია, რადგან ეს გაძვირება მძიმედ დააწვება ჩვენს მოსახლეობას. მეორე საკითხია ის, რომ ”ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ თქვა უარი რაიმე ტიპის დიალოგზე კონსტიტუციასთან მიმართებაში, რომელიც დაიჩეხა, გაუბედურდა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში გვაქვს ასევე ეროზია, მათ შორის გამოვყოფდი მიწის უცხოელებზე გაყიდვას, რაც ცუდად აისახება სოფლის მეურნეობაზე. ქართველ გლეხს პრაქტიკულად წაართვეს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში გაყიდონ მიწა და ეყოლებათ კოლექტიური თოფაძესავით გადამყიდველები და ა.შ. მთავარი საკითხი არის ის, რომ 2017 წელს ”ქართული ოცნება” შევიდა გვიანი აბსოლუტიზმის ხანაში, ეს არის სრული უკონტროლობა, როცა გაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, გაგდის და რასაც გინდა აკეთებ და ამის შედეგია კონსტიტუცია და დაბრუნებული რეიდები, მოქალაქეების ცემა და ა.შ. გასაგებია, რომ მინისტრი და დეპუტატი არ სცემს, მაგრამ პოლიტიკური თავგასულობა სახელმწიფო ბიუროკრატიაზე აისახება. როცა 2017 წელზე ვსაუბრობთ, ძალიან სამწუხარო იყო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და ჩატაევის მთლიანი ეს საგა, რომელშიც თავისდაუნებურად უტვინობით, სიხარბით, სიწუწკით თუ რატომ, ”ქართული ოცნება” გაეხვა მაშინ, როცა 2012 წელს ჩატაევი გაათავისუფლა”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

წლის მნიშვნელოვან მოვლენებში მან ასევე გამოყო სტრასბურგის გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-თან მიმართებში, რითაც ის იმედოვნებს, რომ ეს ტელევიზია გადარჩა და მომავალშიც გადარჩება.

”ვნახეთ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უნდა გავითვალისწინოთ, რის ფონზე მოხდა ეს ყველაფერი. მიუხედავად ბევრი პრობლემისა და გამოწვევისა, შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს. რაც იქ ხდება სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ ”რუსთავი 2” დღეს არის დამოუკიდებელი მთავარი მედიასაშუალება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან როგორც ”ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გამოყო პარტიის დაფუძნება.

”ამ პარტიას აქვს ამბიცია, რომ შემდეგი მთავრობა ”ევროპული საქართველოს” გარეშე არ იქნება დაკომპლექტებული. ვგულისხმობ 2020 წლის პოლიტიკურ ციკლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ მოგვჩხაოდნენ მარჯვნიდან და მარცხნიდან, პარტიებს შორის პირველივე არჩევნებზე ”ევროპულმა საქართველომ” დაიკავა ადგილი”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება მომავალ წელს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ”ქართული ოცნება” თვითტკბობასა და პრობლემების მიმართ გაუცხოების ხანაშია გადასული.

”ქართული ოცნება” უკვე არის გვიანი აბსოლუტიზმის ხანაში, რაც ხასიათდება აბსოლუტური უკონტროლობით, თვითტკბობით და პრობლემების მიმართ გაუცხოებით. მაგალითისთვის, თუ ჩვენ ვნახავთ მერიის ადმინისტრაციის მუშაობას, ის აბსოლუტურად მოწყვეტილია რიგითი თბილისელების საჭიროებას. რეალურად, კიდევ უფრო მძიმე სოციალური ფონი გვექნება, რადგან თუნდაც საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, 5%-ს ქვემოთ არის. წლევანდელ წელს დავამთავრებთ 4,8-4,9%-ით, მაგრამ გარღვევა ამ თვალსაზრისითაც არ გვექნება. მომავალი წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია და ეს მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მომავალი წლის პოლიტიკურ გადაჯგუფებაში”, - განაცხადა უგულავამ.