სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვის ფაქტების გახშირებას სისტემურ პრობლემად მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშიააღნიშნული, საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს.

„აღნიშნული არ წარმოადგენს შემთხვევითობას და სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს. 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

28 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი სიმაღლიდან გადმოვარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა და თავის დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში. 27 დეკემბერს, ქუთაისში, მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, 21 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია თბილისში, მთაწმინდის პარკში, ატრაქციონის დემონტაჟის სამუშაოებისას ერთი მუშის დაღუპვისა და მეორის დაშავების შესახებ. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი დროულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

შსს–ს ცნობით, სამივე ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება დროულად, სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მსგავს საქმეებზე პრობლემას წარმოადგენს გამოძიების გაჭიანურება და მის ფარგლებში რეალური შედეგების მიღწევა. ამასთან, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების თავიდან აცილება და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად დროულად უნდა შეიქმნას ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რომელსაც დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილება ექნება.

მას შემდეგ, რაც ამა წლის 9 მაისს ტყიბულის მაღაროში 4 მუშა დაიღუპა, ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისა და ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მზაობა გამოთქვა. მიმდინარე წლის 1 ივნისს შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში იქნა ინიცირებული, თუმცა ინიცირებიდან 7 თვის თავზე კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. პროცესების ასეთ რეჟიმში წარმართვა მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოება ჯერ კიდევ ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში.

სახალხო დამცველი ჩართულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში, რომელიც თავდაპირველად ინტენსიური იყო. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული პროცესი შეფერხდა, მათ შორის, გამოიკვეთა მთავრობის შიგნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს შორის კოორდინაციის პრობლემა. სახალხო დამცველს კანონპროექტთან დაკავშირებით პრინციპული შენიშვნები გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მათი გათვალისწინება მოხდება. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მისი განხილვა უსაფუძვლოდ არ გაჭიანურდეს, მიღებული კანონი კი ასევე დროულად შევიდეს ძალაში. კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის მიხედვით, მისი პრაქტიკაში ამოქმედება მიღებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ არის დაგეგმილი, რაც მიუღებელია და საგრძნობლად უნდა შემცირდეს, შრომის უსაფრთხოების დროულად უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი აღნიშნულ პროცესს, მათ შორის უწყებებს შორის დროული კოორდინაციისა და საკითხის მნიშვნელობისა და სიმწვავის აღიარების გზით.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს