ნათია მეზვრიშვილი - არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე საუბარი იყო საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვაზე

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე საუბარი იყო საპოლიციო კონტროლზე და საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ესწრებოდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოეტ ზვიად რატიანის საკითხსაც და უწყების სტრუქტურულ რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით. „ვისაუბრეთ კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით და ასევე სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით. შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც დაანონსდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახში, ძალადობა ზოგადად, ასევე, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და ა. შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ამ შეხვედრაზე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზეც შეთანხმდნენ.

რაც შეეხება ზვიად რატიანის საკითხს, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ზვიად რატიანის საქმე არ ყოფილა ერთადერთი საქმე, რომელზეც დღეს შეხვედრისას საუბარი შედგა. „რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ ზოგადად სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ, რადგან ამაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი. რატიანი სამართალდამრღვევად ცნო დღეს სასამართლომ და ასევე მიმდინარეობს პროკურატურის მიერ გამოძიება. სანამ არ დასრულდება გამოძიება, მანამ შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე გავაკეთებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. „ეს იყო სამინისტროს ღიაობა, გახსნილობა გარკვეული მიმართულებით და მათი ჩართულობა გარკვეულ რეფორმებში. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები. არანაირი პრობლემა მათთან კომუნიკაციისთვის არც ერთი მიმართულებით არ იქნება, რადგან მათი ჩართულობა ყველა იმ რეფორმაში, რის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს, მათი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე თემურ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა