ნათია მეზვრიშვილი - არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე საუბარი იყო საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვაზე

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე საუბარი იყო საპოლიციო კონტროლზე და საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც გუშინ, მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ესწრებოდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოეტ ზვიად რატიანის საკითხსაც და უწყების სტრუქტურულ რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით. „ვისაუბრეთ კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის მიმართულებით და ასევე სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით. შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე და იმ დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც დაანონსდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ასევე, ვისაუბრეთ გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახში, ძალადობა ზოგადად, ასევე, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და ა. შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ამ შეხვედრაზე შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზეც შეთანხმდნენ.

რაც შეეხება ზვიად რატიანის საკითხს, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ზვიად რატიანის საქმე არ ყოფილა ერთადერთი საქმე, რომელზეც დღეს შეხვედრისას საუბარი შედგა. „რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ ზოგადად სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ თემაში ძალიან სიღრმისეულად არ შევსულვართ, რადგან ამაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი. რატიანი სამართალდამრღვევად ცნო დღეს სასამართლომ და ასევე მიმდინარეობს პროკურატურის მიერ გამოძიება. სანამ არ დასრულდება გამოძიება, მანამ შსს-ს მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც ამ საქმეზე გავაკეთებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. „ეს იყო სამინისტროს ღიაობა, გახსნილობა გარკვეული მიმართულებით და მათი ჩართულობა გარკვეულ რეფორმებში. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები. არანაირი პრობლემა მათთან კომუნიკაციისთვის არც ერთი მიმართულებით არ იქნება, რადგან მათი ჩართულობა ყველა იმ რეფორმაში, რის განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს, მათი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე თემურ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს