კახა კახიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ციხე უნდა იყოს გამოსასწორებელი მანქანა სადამსჯელო ელემენტებით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ციხე უნდა იყოს გამოსასწორებელი მანქანა სადამსჯელო ელემენტებით, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ ამჟამად ადამიანებს ციხის აღარ ეშინიათ, თუმცა, ციხეს აქვს თავისი ფუნქცია. „ეს არის ადამიანის იზოლირება საზოგადოებისგან იმ დროით და ვადით, რა ვადითაც დადგენილია სასამართლოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს სრულიად საკმარისი ერთ-ერთი უკიდურესი სანქციაა. ახლა რომ დაინერგოს ეგზეკუციის მექანიზმები, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ადამიანს ვინმემ სცემოს, დაამციროს, არ არის ნორმალური ელემენტი. ბუნებრივია, ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. მე არ ვარ მომხრე, რომ ადამიანი, რომელიც ციხეში მოხვდება, მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის დანაშული ჩაიდინა, მას უარი ვუთხრათ სამედიცინო სერვისებზე, კვებაზე, სატელეფონო ზარებზე, იმ ვადით, რა ვადითაც არის დადგენილი“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრის განმარტებით, პირიქით, მისი უწყების მიზანია, მას შემდეგ, რაც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ადამიანის იზოლირება მოხდება, მას მისცენ შანსი, აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის პროგრამებში. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში ფუნქციონირებს პროგრამები, რომლებიც ადამიანებს გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში ეხმარება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო მისიების შეფასებით, საქართველოში პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში რეფორმები პროგრესულად ხორციელდება და „ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღებული რეგულაციებით, ამ კუთხით მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ“.

კახა კახიშვილის განცხადებით, უწყების რეფორმა დაიწყო და ახლაც სწორი მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, ერთის მხრივ ადამიანის უფლებები უნდა იყოს მტკიცედ დაცული, რომელიც საკანონმდებლო ნორმით იქნება გარანტირებული, მეორეს მხრივ კი სარეჟიმო პირობების დაცვაა აუცილებელი. მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით ხორციელდება მსჯავრდებულების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა