პროკურორი - დამოუკიდებელი ექსპერტიზით არ დადგინდა, რომ ოთარ აბესაძის მდგომარეობა მძიმეა და პატიმრობა გირაოთი უნდა შეეცვალოს

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია აცხადებს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საგანგაშო და სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი თავსებადია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარშანიამ განუცხადა, ინფორმაცია, თითქოს აბესაძე არის მძიმედ ავად, მიუხედავად მცდელობებისა, დაცვის მხარემ სასამართლოზე ვერ დაადასტურა, რადგან აღნიშნული ფაქტი ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა.

„პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ჩაეტარებინა ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი უნდა შეეცვალოს, არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ასეთი რამ წარმოდგენილი დასკვნით არ დგინდება.

დაცვის მხარეს, ნაცვლად იმისა, რომ უფლებამოვალეობებს ჯეროვნად ახორციელებდეს, სტრატეგია მთლიანად აგებული აქვს პიარზე. იგი ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამ გზით მოახდინოს პროკურატურისა და სასამართლოს დისკრედიტაცია“, - აღნიშნა პროკურორმა.

ირაკლი მარშანიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან, პროკურატურა თვითონვე იღებს აღკვეთის ღოისძიების შეცვლის გადაწყვეტილებას.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარე, აბესაძის ინტერესებიდან გამომდინარე, დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, პროცესების ნაწილის დახურვის შესახებ, რომ არ გამჟღავნებულიყო ოთარ აბესაძის პერსონალური ინფორმაცია. ახლა კი ამ ფაქტს დაცვის მხარე იყენებს სათავისოდ და მედიასთნ ურთიერთობისას აჟღერებს ისეთ გარემოებებს, რაც სხდომაზე საერთოდ არ მომხდარა. ოთარ აბესაძის უფლებადამცველს აქვს სრული უფლება, გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, რათა საზოგადოებამ სრული სიმართლე გაიგოს და შეწყდეს ამ თემით სპეკულირება. პროკურატურა ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, ბრალდებულის მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება და არ მოხდეს საპატიმროსთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირის პატიმრობაში დატოვება. მესმის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა იწვევს დისკომფორტს და სტრესს, მაგრამ ამ ეტაპზე აბესაძის მიმართ გამოყენებილი პატიმრობის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს