თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიისგან დაკისრებული 140 ათას ლარიანი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი დედაქალაქის მერიისგან დაკისრებული 140 ათას ლარიანი ჯარიმის გაუქმებას ითხოვს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ ჯარიმის გასაუქმებლად სასამართლოსაც მიმართონ.

მისივე თქმით, ჯარიმა, რომელიც დედაქალაქის მერიამ ჯგუფს გენგეგმასთან მიმართებაში გამოთქმული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის გამო დააკისრა, არასამართლიანია.

„გავაკეთეთ ანალიზი, იყო თუ არა 140 ათას ლარიანი ჯარიმა სამართლიანი, შენიშვნები კი რეალური. როგორც ჩვენ დოკუმენტაციის ანალიზი გვაჩვენებს, ეს არ იყო ის შემთხვევა, რომ 140 ათასი ლარით დავჯარიმებულიყავით. ჩვენ ამ ჯარიმის გადახედვას და გაუქმებას მოვითხოვთ. ჯარიმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პუნქტებს არ პასუხობს და, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ მის გაუქმებას. ჩვენს წერილს და დასაბუთებას ჯარიმის გაუქმების თაობაზე მერიას, არქიტექტურის სამსახურს დღეს წარვუდგენთ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე განმარტებით, ჯარიმა სამართლიანი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ერთიდაიგივე საკითხზე შენიშვნას სამჯერ მიიღებდა, მაგრამ მის გამოსწორებას ვერ შეძლებდა. სალუქვაძის თქმით, მსგავსი შენიშვნები მერიისგან არ მიუღიათ.

„ერთი და იგივე შენიშვნა არ უნდა იყოს სამჯერ წარდგენილი და გაუთვალისწინებელი. ამ შემთხვევაში ჯარიმა სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ მერიისგან რომ ხარვეზების წერილს და არა შენიშვნებს, მივიღებთ სამჯერ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჯგუფი უნდა დაჯარიმდეს 140 ათასი ლარით. ერთი და იგივე შენიშვნა უნდა მოვიდეს სამჯერ, რომელიც ვერ უნდა გამოვასწოროთ. აქედან გამომდინარე, მივმართავთ არქიტექტურის სამსახურს, რომ გაგვიუქმოს ჯარიმა და გადახედონ თავიანთ პოზიციას“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურში არ გამორიცხავენ აღნიშნულ ჯგუფთან ხელშეკრულების საერთოდ გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდება, სალუქვაძის განცხადებით, მერიის არგუმენტები ხელშეკრულების გასაწყვეტად საკმარისი არ არის.

„იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რაც მერიას ჰქონდა, ხელშეკრულების გაწყვეტა არასამართლიანი იქნება. ეს არ არის იმ დონის შენიშვნები და ხშირად ეს შენიშვნაც არ არის, რომ ხელშეკრულება გაგვიწყვიტონ. მერიის პრეროგატივაა რას იზამს, მაგრამ იმედია, ჩვენც დაგვრჩება მოქმედების საშუალება. ყველაფერი დამოკიდებულია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობაზე“, - განაცხადა სალუქვაძემ და არ გამორიცხა, რომ მერიას შენიშვნები გენგეგმასთან დაკავშირებით ისევ ჰქონდეს.

„როგორც ვატყობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კახა კალაძესთან და მის გუნდთან მოხდება შეხვედრა და საკითხების განხილვა.

შესაძლოა, სასამართლოსაც მივმართოთ ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით. ის, რაც დასაშვებია, ყველაფერს გამოვიყენებთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა სასამართლო და დავებში შესვლა, ჩვენ გვინდა მერიამ მიიღოს ეს დოკუმენტი და აღიაროს, რომ ის კარგი დოკუმენტია. შემდგომში თანამშრომლობაზე და კონსულტაციებზე უარს არ ვამბობთ, პირიქით, დავეხმარებით დამკვეთს, რომ კარგად გაიგოს ეს რა დოკუმენტია და განახორციელოს ცხოვრებაში“, - განუცხადა სალუქვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის 10-დღიანი ვადა მისცა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, შენიშვნები ძირითადად ტრანსპორტის განვითარების, გამწვანების და განაშენიანების, ზონირებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გასაჯაროვადა და მისი საჯარო განხილვებიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა