დავით სერგეენკო - თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობაზე კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, პაციენტს გადაიყვანენ თუ არა სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაცნობად წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მივიდა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დღის ბოლოს კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადაიყვანენ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში.

მისივე თქმით, კონსილიუმს მოწვეული სპეციალისტიც ესწრებოდა, რომელიც ქართველია და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.

დავით სერგეენკოს შეფასებით, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი და კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული.

შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობას პაციენტის მკურნალობაში, დავით სერგეენკოს განცხადებით, მკურნალობა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება და დაფინანსებაც სახელმწიფოს სახსრებით ხდება.

“პაციენტის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო პირველივე წუთებიდან იყო ჩართული. კონსილიუმის საფუძველზე გადაწყდა თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანა. ამის შემდეგ ჩვენი სრული პატრონაჟი მიდის. სამინისტროს მოვალეობაა ჩართული იყოს, რადგან ასეთი სიმძიმის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციას”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა