”უხუცესთა კავშირის გამგეობა” მიიჩნევს, რომ მათ მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოებას დაეხმარება, სწორად აღიქვან სუს-სთან შეხვედრის მიზანი

პანკისის ხეობის ”უხუცესთა კავშირის გამგეობა” მიიჩნევს, რომ მათ მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოებას დაეხმარება, სწორად აღიქვან 29 დეკემბერს, მათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი.

"მას შემდეგ, რაც უხუცესები შევხვდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება მედიაში და მოსახლეობაში. ამიტომ, "უხუცესთა კავშირის გამგეობის" ათივე წევრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, განცხადებაში დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ არ გვინდა სამართლებრივი გამოძიების დასრულდებამდე ვინმეს ბრალეულობაზე ან პირიქით, უდანაშაულობაზე საუბრობდნენ და ამით მანიპულირებდნენ. წინასწარ დასკვნების გამოტანა რთულია. ჩვენ განცხადებით დავაფიქსირეთ ჩვენი ნეიტრალური პოზიცია ამ ამბის მიმართ. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ საკუთარი აზრის გავრცელებისგან და გამოძიების დასრულებას დაელოდონ. ამავე დროს პროკურატურასაც მოვუწოდებთ, რომ დროულად და ობიექტურად წარიმართოს გამოძიება”, - განაცხადა "უხუცესთა კავშირის გამგეობის" თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირმა" განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 29 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრისას ისინი გაეცნენ იმ მტკიცებულებებს რის მიხედვითაც, სახელმწიფო დაკავებული პირების ბრალეულობას ამტკიცებს.

უხუცესები მიიჩნევენ, რომ მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე რთულია დასკვნის გაკეთება, რის გამოც საქმის სამართლებრივ გამოძიებას ელოდებიან და პროკურატურას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, „უხუცესთა კავშირი“ ხელისუფლებას მიმართავს, ადეკვატურად უპასუხოს თემში არსებულ ღრმა უკმაყოფილებას და გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, იმისათვის, რომ მოხდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა