ძლიერი ქარის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში 176 რეისი გაუქმდა

ძლიერი ქარის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში 176 რეისი გაუქმდა. „ძლიერმა ქარმა დღეს რეისების გადადება და გაუქმება გამოიწვია. ამჟამად გაუქმებულია 1200-დან 176 რეისი, უმეტესობა - ევროპის მიმართულებით. მოვუწოდებთ ყველა მგზავრს, ინფორმაცია საკუთარი ფრენის შესახებ ჩვენს საიტზე ან ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გადაამოწმონ“, - ნათქვამია აეროპორტის „ტვიტერის“ მიკრობლოგში.

ტელერადიოკომპანია RTL-ის ინფორმაციით, ქარიშხალმა ნიდერლანდებში სახლებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია. დაშავდა ერთი ადამიანი.