ზურაბ ბატიაშვილი - ირანში რეჟიმის ცვლილება და ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრება ნაკლებად მოსალოდნელია

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის აზრით, ირანში რეჟიმის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია და ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია მარტივად ვერ დამკვიდრდება.

როგორც ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ირანში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა, ირანში პროტესტი, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.

„ირანში არის უმუშევრობის მაღალი დონე - 12%. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდებში, რომელთა 1/3 არის უმუშევარი. ყოველწლიურად ირანის მოსახლეობა 1 მილიონით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არც ისე მარტივია. ამას დაერთო ფასების ზრდა, კორუფცია და შემდეგ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ნაწილობრივ პოლიტიკურ ლოზუნგებში გადაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა რეფორმისტული ჯგუფი არ იზიარებს მოთხოვნებს, ბევრი გაემიჯნა კიდეც, ვინაიდან ბევრგან პროტესტი გადაიზარდა ძალადობაში. ჩატარდა პროსამთავრობო აქციებიც. ვფიქრობ, ნაკლებად მოსალოდნელია რეჟიმის ცვლილება და ირანში მარტივად ვერ დამკვიდრდება ლიბერალური დემოკრატია, რისი იმედიც დასავლეთში შეიძლება ჰქონდეთ. აქ გასათვალისწინებელია ირანის სპეციფიკა, რომელსაც სულ სხვა ტრადიციები გააჩნია და განსხვავებული ისტორია აქვს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება გარე ძალების შესაძლო ჩარევას ირანში მიმდინარე პროცესებში, ბატიაშვილის აზრით, ასეთ შემთვევასთან ნაკლებად გვაქვს საქმე.

„ეს სპონტანური აქციებია, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, არ აქვს გამოკვეთილი ლოზუნგები, რაც აჩვენებს, რომ პროტესტი ერთი ცენტრიდან არ არის გამოსული“, - დასძინა ბატიაშვილმა.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა