პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება

4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით ხვალ, პატრიარქის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. საპატრიარქოში არც ტრადიციული საყოველთაო მიღება გაიმართება, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები უწმინდესს იუბილეს ულოცავდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა