ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეში ჯერჯერობით არაფერი დევს, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის და სხვა ბრალდებულების უდანაშაულობას გაამყარებს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოპოვება მხოლოდ ახლა დაიწყო.
„დაცვის მხარეს ჯერ არ აქვს წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს ბრალდებულების და აგრეთვე თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოპოვება დავიწყეთ მხოლოდ ახლა. ამიტომ, საქმეში არაფერი არ დევს, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას გაამყარებს. რა თქმა უნდა, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები. პირველ რიგში ეს იქნება ალტერნატიული ექსპერტიზა. ასევე ჩვენ გავაკეთეთ მოწოდება, ველოდებით პოზიციას, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ხელისუფლება, ვინადიან ცალსახად გამოვრიცხავთ სროლის იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რომელიც განხორციელდა. ერთი პროცენტითაც კი ვერანაირად დავუშვებთ იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელთ ჰქონდა ხელყუმბარა. ეს ბათილი მოსაზრებაა, ვინაიდან გვერდით ოთახში მისი და, დედა და ბებია იმყოფებოდნენ“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, იცნობდა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევს, ადვოკატის განმარტებით, ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი და კითხვა ისმება რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ისეთ გამოუცდელ პირთან, როგორიც არის მაჩალიკაშვილი.
„ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი, მას ბრალად ედება არაერთი ტერორისტული აქტის მოწყობა. დაიჭერდა ის ასეთ გამოუცდელ ბავშვთან ურთიერთობას? ეს ვერსია ხომ ალოგიკურია. ასევე რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ასეთ გამოუცდელ ბიჭთან, პირდაპირ კავშირზე რატომ გავიდოდა და რატომ გაიხდიდა იგი თანამზრახველად მაჩალიკაშვილს?!“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.