მაიკ პენსი - აშშ-ის მხარდაჭერა ირანის ქალაქების ქუჩებში ადამიანებს იმედს აძლევს და ვაპირებთ მხოლოდ სიტყვიერად არ დავეხმაროთ

აშშ-ის მხარდაჭერა ირანის ქალაქების ქუჩებში ადამიანებს იმედს აძლევს და ვაპირებთ მხოლოდ სიტყვიერად არ დავეხმაროთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პენსმა ისაუბრა იმ განსხვავებულ მიდგომებზე, რომელიც ობამასა და ტრამპის ადმინისტრაციებს ირანთან მიმართებაში გააჩნდათ.

„როდესაც ვხედავთ, რომ ირანელმა ხალხმა ხმა აიმაღლა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ცვლილებებს მოითხოვს, ამან თავისუფლების მოყვარე ყველა ამერიკელი და მსოფლიოში ის ადამიანები უნდა აღაფრთოვანოს, ვისთვისაც სანუკვარია თავისუფლება. ამასთან, უნდა გითხრათ, რომ ძალიან აშკარაა კონტრასტი დღევანდელ დღესა და ამერიკის წინა პრეზიდენტის გამაყრუებელ სიჩუმეს შორის, რომელიც ირანის 2009 წლის მწვანე რევოლუციის დროს სუფევდა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტოდ გასული ადამიანებისადმი ნათლად გამოხატული მხარდაჭერა დრამატულია. ვფიქრობ, ეს პირდაპირ თანხვედრაშია მსოფლიოში ამერიკის როლთან, რომელიც თავისუფლების მთავარი ლიდერია“, - განაცხადა პენსმა.

მან 2009 წელს ირანში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა. „მაშინ კონგრესის წევრი ვიყავი. წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტში ვმუშაობდი. მახსოვს 2009 წელს, ირანში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მეტწილად ახალგაზრდების ძალით აგორებული მოძრაობა. ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და დაუჯერებელ სიმამაცეს იჩენდა. ირანელმა ხალხმა დემოკრატიული და თავისუფალი მომავალი მოითხოვა. მაშინ, 2009 წელს, თეთრ სახლს შევყურებდით, ამერიკის ლიდერობას ველოდებოდით და ის არსად იყო. ობამას ადმინისტრაციისგან გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. ასე რომ მე, როგორც კონგრესის წევრმა, დემოკრატ კონგრესმენ ჰოვარდ ბერმანთან ერთად, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რეზოლუციის ტექსტი შევადგინე. ჩვენ ეს რეზოლუცია წარვადგინეთ, რომელმაც წარმომადგენელთა პალატაში თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჯო ლიბერმანმა რეზოლუცია სენატში წარადგინეს, სადაც ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და ობამას ადმინისტრაციამ მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა. ესაა კონტრასტი წინა ადმინისტრაციის სიჩუმეს, თავისუფლებისადმი მხარის არდაჭერასა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგომის უყოყმანო მზადყოფნას შორის. ვიცი, რომ ეს, იმ ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ადამიანებს იმედს აძლევს და ვაპირებთ მხოლოდ სიტყვიერად არ დავეხმაროთ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ როდესაც ისინი საკუთარ ქვეყანაში ცვლილებებს მოახდენენ, შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო ირანელი ხალხის გვერდით იქნება, რომელსაც უკეთესი, უფრო წარმატებული და უფრო თავისუფალი მომავალი სურს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ირანის ქუჩებში გამოვიდნენ, „იციან, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ისინი მარტო არ არიან, რომ ამერიკელი ხალხი მათ გვერდით დგას და თუ საკუთარი მრწამსის ერთგულნი დარჩებიან, თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს აირჩევენ და მისკენ სწრაფვას გააგრძელებენ, ამერიკა და მთელი მსოფლიო მათ გვერდით იქნება“.