პროკურორი - ადამიანური კუთხით სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მხარე

სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს დამნაშავედ გამოაცხადა, ეს არის სამწუხარო ფაქტი, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განუცხადა.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რის საფუძველზე მოხდა გირგვლიანის საქმეზე ხელახალი ძიების დაწყება.

ნადარეიშვილის თქმით, ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საქართველოს ობიექტური გამოძიების წარმოება დაევალა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი, ობიექტური გამოძიება. ამ გამოძიების შედეგების მიხედვით, დღეს უკვე გირგვლიანის საქმეზე რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის, იმჟამინდელი შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ. ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი რა თქმა უნდა, არის ადამიანური მხარე და სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ, მაგრამ არის მეორე სამართლებრივი მხარე. ეს საქმე უნდა გადაიქცეს პრევენციად იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების იერარქიული მდგომარეობისა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ხელისუფლების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე კანონის შესაბამისად მოხდება ყველას პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პასუხისგებაში მიეცა არა კონსტიტუციური უფლების – შეწყალების გამოყენებისთვის, არამედ უფლებამოსილების გადამეტების გამო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა