მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თავისუფლების 3 წლით აღკვეთის გარდა, დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვა.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილია, რომ მომხდარი დანაშაულისა და დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ პირველივე დღეებიდან იყო ინფორმირებული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანხმობითა და მისგან უპირობო მხარდაჭერის გარანტიების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და მისი ძმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

კერძოდ, ივანე მერაბიშვილი, რომელმაც დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლები, საქმესთან შემხებლობა ჰქონდა მის მეუღლეს და დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ვალდებული იყო უზრუნველეყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.

შესაბამისად, გამოძიებას მიკერძოებულად აწარმოებდნენ ივანე მერაბიშვილის უწყების გამომძიებლები, რომლებიც სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იქნა უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება“, - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ შეპირდა დავით ახალაიას, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ. აღნიშნული შეპირება პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებისთანავე იქნა გაჟღერებული დავით ახალაიას მიერ გ.ალანიას, ო.მელნიკოვსა და პასუხისგებაში მისაცემ სხვა პირთათვის.

მათივე ცნობით, 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება.

„ამდენად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს