გია ხუხაშვილი - ამ განაჩენით სააკაშვილის ციხეში გაკავება იქნება ძალიან რთული და სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან

მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი დღევანდელი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის პრობლემაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რადგან ამ განაჩენით სააკაშვილის ციხეში გაკავება, იქნება ძალიან რთული და ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება სერიოზული თავის ტკივილია.

”პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება სერიოზული თავის ტკივილია. ამით გარკვეული ფორმალური საფუძველი იქმნება საექსტრადიციო პროცედურების დაწყების. ხელისუფლებისთვის ეს იქნება პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რადგან ამ განაჩენით სააკაშვილის ციხეში გაკავება იქნება ძალიან რთული და ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან. დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს ხელისუფლებამ - უღირს ეს ყველაფერი თუ არ უღირს?” - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით არ უნდა მორჩეს გირგვლიანის საქმეზე საუბარი, რადგან დაუსჯელები არიან სხვა პირები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე.

”სანდრო გირგვლიანის საქმე იყო ერთ-ერთი საკვანძო დანაშაული ამ ქვეყნის ისტორიაში. ამით დაიწყო დანაშაულებრივი სისტემის ფორმირება. გირგვლიანის მკვლელებთან დაკავშირებული საქმე სამ კომპონენტიანია - იყო სააკაშვილის შეწყალება ანუ გაუნახევრდათ სასჯელი, შემდგომ სასამართლომ შეუმცირა უკვე განახევრებული სასჯელი და ამით შეიქმნა საფუძველი პირობით ვადამდე გათავისუფლების. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად სამი მხარე იყო დამნაშავე. მე მიჩნდება ძალიან მარტივი კითხვა - ის მოსამართლე, რომელმაც ეს ადამიანები გარეთ გამოიყვანა შეწყალების შემდეგ, არის მურუსიძე. მურუსიძე ამ დანაშაულის მინიმუმ თანამონაწილეა. თუ სააკაშვილს მიესაჯა სასჯელი, მურუსიძე რატომ არის გარეთ? რა გამოვიდა, რომ მურუსიძემ გამოუტანა სასჯელი თავისივე დანაშაულის თანამონაწილეს? ეს ფარსი მივიღეთ საბოლოო ჯამში და ეს იმედგაცრუების საფუძველია. პოლიტიკურად პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე იყო სააკაშვილი, რადგან მისმა რეჟიმმა იმსხვერპლა გირგვლიანი, მაგრამ სააკაშვილის საკმაოდ მსუბუქად დასჯით უნდა დაიხუროს საქმე? არ უნდა დაიხუროს, რადგან ეს იყო ორგანიზებული დანაშაული და მისი თანამონაწილეები სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში დღემდე კარგად გრძნობენ თავს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა