ირაკლი ხმალაძე - კორპუსი სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო, ჩვენი მაქსიმუმია დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მოვახდინოთ და გავამაგროთ კორპუსი

ჩვენი მაქსიმუმია დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მოვახდინოთ და გავამაგროთ კორპუსი, რომელიც ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იყო, - ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

როგორც ხმალაძემ განაცხადა, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ავარიული კორპუსის გამაგრება სრულად მოხდება.

„პირველი დღიდან ჩართულები ვართ ამ პროცესში. ახლა დავათვალიერეთ იმ ბინების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც სპეცოპერაციისას დაზიანდა. ყველა დაზარალებულის კომპენსირება მოხდება მერიის მხრიდან. როგორც იცით კორპუსი სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. ძალიან მალე ეს სამუშაოები დასრულდება და მოსახლეობა განაგრძობს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. სარემონტო სამუშაოების ხარჯების ოდენობა ჯერ დათვლილი არ არის, ზარალის დათვლა კიდევ მიმდინარეობს, რაც შეიძლება მალე დავასრულებთ შეფასებას და მოსახლეობას აუნაზღაურდება ეს ზარალი როგორც ბინების, ასევე დაზიანებული ავტომობილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში მდებარე მე-9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიცპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „არქიტრავი“ ახორციელებს. როგორც მერიის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებისთვის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხო გახდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს