არჩილ თალაკვაძე ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს არათანმიმდევრულად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალკვაძის შეფასებით, ოპოზიცია არათანმიმდევრულად იქცევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ წელს რუსეთისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს.

თალაკვაძე  ოპოზიციას ურჩევს, საკუთარი არგუმენტები ლოგიკურად ჩამოაყალიბონ, "რადგან ადრე აპროტესტებდნენ იმას, თუ რატომ ყიდულობს საქართველო გაზს რუსეთისგან და დღეს აპროტესტებენ, თუ რატომ არ ყიდულობს".

"ოპოზიციის ეს ნაწილი არის ძალიან არათანმიმდევრული. ბოლოს და ბოლოს ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ ერთ პოზიციაზე, იმიტომ, რომ თვეების წინ ამბობდნენ, რატომ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან. დღეს ბიუროზე თქვეს, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან. ეს არის არათანმიმდევრული განცხადებები და უბრალოდ ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ მე მათ ვურჩევ, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა შეკითხვები აქვთ და საერთოდ, რა არგუმენტები აქვთ, როდესაც ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას აკავშირებენ გაზის შესყიდვის საკითხთან. რა ინფორმაციაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ამ ეტაპზე, საქართველოს ექნება უწყვეტი გაზმომარაგება და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ბოლო წლების განმავლობაში არის დიამეტრალურად უკეთესი, რადგან ელექტროსადგურების რაოდენობა, ელექტროგენერაცია, თბოსადგურები, დივერსიფიკაცია რეალურად ენერგეტიკის სექტორში მომხდარია და საქართველო დღეს ენერგეტიკის თვალსაზრისით არის ბევრად უსაფრთხო სახელმწიფო ვიდრე, იმ ბატონების დროს, როდესაც ისინი დღეს შეკითხვებს სვამენ შესყიდვასთან დაკავშირებით", - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით საქართველო იღებს მცირე თანხას და ქვეყანა რუსეთს ცუდ პირობებზე დათანხმდა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების განცხადება, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია ამ სფეროში და უბრალოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ყოველგვარი რიცხვებისა და შინაარსის გარეშე.

"მე მათ ვურჩევ, რომ საკუთარი არგუმენტები ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი შეკითხვა აირჩიონ, რადგან ადრე აპროტესტებდნენ, თუ რატომ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან და დღეს აპროტესტებენ, თუ რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყოველ კვირა საკუთარი განცხადებები ეცვლება და ლაპარაკობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც იმ მომენტში მათ აწყობთ. მათთვის სულ ერთია საქართველოს ენერგეტიკული ინტერესები, საზოგადოების ინტერესები და ეს განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არათანმიმდევრულები არიან საკუთარ მსჯელობაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს. ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს. კერძოდ, 1.866 მილიარდ კუბურ მეტრს "სოკარისგან", 813,9 მილიონ კუბურ მეტრს შაჰ-დენიზისგან მიიღებს, ხოლო 9,4 მილიონი კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა