მამუკა მდინარაძე - გირგვლიანის საქმეზე კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

დეპუტატის თქმით, როცა სასამართლო ადგენს, რომ თანამდებობის პირი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს არამართლზომიერად, უკანონო დაპირების აღსრულების მიზნით, ეს შეიძლება მიჩნეულ იქნას დანაშაულად.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენი არის გაგრძელება და ლოგიკური შედეგი თავის დროზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციებისა, როცა მან შეშფოთება გამოთქვა იმ მართლმსაჯულების გამო, რაც საქართველოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა. აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ობიექტური გამოძიება და ობიექტური მართლმსაჯულება წარიმართა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი. დადგინდა კონკრეტული პირის ბრალეულობა და სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს