ზაზა ბიბილაშვილი - ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს და მთლიანად რეჟიმს

ივანიშვილმა გვითხრა ამ ე.წ. დამნაშავე მოსამართლის ხელით, რომ დღეს საქართველოში კანონი არის ის, რასაც იტყვის ივანიშვილი, - ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა ბიბილაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მისი თქმით, დღეს საქართველოს მოსამართლე გიორგი არევაძისა და პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის სახით ახალი სისხლის სამართლის დამნაშავეები შეემატა.

”დღეს საქართველოს შეემატა სისხლის სამართლის ახალი დამნაშავე. მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს. მან განაჩენი გამოუტანა მის დამკვეთებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში და ყველას, ვინც მას ეს დავალება მისცა შუშის სასახლეში და შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟიმს. ”ნაციონალური მოძრაობა” ამ ადამიანს გარანტიას ვაძლევთ, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით კანონის წინაშე. ამ ყველაფერში ასევე მონაწილეობდა პროკურორად წოდებული ირაკლი ნადარეიშვილი. ის ასევე პასუხს აგებს იმისთვის რაც გააკეთა ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და წინააღმდეგ.

ჩვენს საზოგადოებას მინდა კარგად ესმოდეს რა მოხდა დღეს. დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ სცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ იმათ, ვინც გეუბნებიან თითქოს ეს არის ე.წ. გირგვლიანის საქმე. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში ეს არის შეწყალების საქმე. ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. ბევრს გაუნახევრდა ან შეუმცირდა სასჯელი და გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდა საპყრობილიდან. არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია და ვინც ამას ამბობს, ეს არის ან სახელისუფლებო მედია ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” ამ რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლად გაიმარჯვებს.

”2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ”ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, განუწყვეტლად გვესმის არაკეთილსინდისიერი საუბრები იმის შესახებ, რომ თურმე კანონი ყველასთვის ერთია და კანონზე მაღლა არავინაა. ამას ამბობდა და ამბობს წულუკიანი, ბესელია, თავად ივანიშვილი ანუ ის ადამიანები, რომლებიც მე-6 წელია ხრავენ ჩვენ სახელმწიფოს. ჩვენ მკაფიო რეალობის წინაშე ვდგავართ: არათუ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის, არამედ დღეს ივანიშვილმა გვითხრა ამ ე.წ. დამნაშავე მოსამართლის ხელით, რომ დღეს საქართველოში კანონი არის ის რასაც იტყვის ივანიშვილი, დღეს საქართველოში კანონი არის ის რასაც იტყვის მისი ოჯახის წევრი.

მე ვიცი ბევრი თქვენგანი დასვამს მარტივ კითხვას თუ რას ვაპირებთ ჩვენ? ჩვენზე როდესაც ვსაუბრობთ, არ არის საუბარი მხოლოდ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”, აქ საუბარია ყველა წესიერ და კანონმორჩილ ადამიანზე, რომელსაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე და რომელსაც უნდა ჩვენი შვილები წესიერ ქვეყანაში იზრდებოდნენ და არა იმ ოჯახურ ფეოდალიზმში, რომელიც თავს მოგვახვია ფეოდალმა. ყველა დაავადების მკურნალობა იწყება სწორი დიაგნოზის დასმით. საქართველოში არც კანონია, არც სასამართლო არსებობს და ზედმეტია დემოკრატიაზე ლაპარაკი იქ, სადაც ერთი ადამიანი და მის გარშემო შეკრებული სახელმწიფოს მოღალატე რამდენიმე ათეული ადამიანი წყვეტს თუ რა უნდა იყოს კანონი. ამას არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს