თანამშრომლობა განათლების სისტემის მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის უნდა იყოს პრევენციაზე, დანაშაულისა და კონფლიქტის თავიდან აცილებაზე ორინტირებული, აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება საპოლიციო რეჟიმის შესვლა სკოლაში, - ამის შესახებ პარლამენტის მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსს“ სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ახალი რეგულაციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროები უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მუშაობდნენ რეკომენდაციებზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს უსაფრთხოების წესები სკოლის, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. უსაფრთხოება კომპლექსური თემაა, რომელიც მოიცავს როგორც პრევენციული, ასევე ფსიქოლოგიური სამსახურის და სხვა ღონისძიებებს. შემიძლია დაგისახელოთ, რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია, რომელიც არის შემუშავებული. პირველი ეხება მანდატურის სამსახურის როგორც სამუშაოს აღწერილობის, ასევე სხვა რეგულაციების ცვლილებებს, რომლის სრული პაკეტი შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის პარლამენტში იქნება წარდგენილი საგაზაფხულო სესიისთვის. მეორე მიმართულებაა საინტერესო პროექტი, რომელიც განათლებისა და კულტურის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა იქნება - სპორტისა და სახელოვნებო განათლების გაძლიერება სკოლებში, რადგან მსოფლიო გამოცდილება დანაშაულისა და კონფლიქტის პრევენციის კუთხით სწორედ სასპორტო და სახელოვნებო განათლების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებაზე. ასევე არის რეკომენდაციები განათლების სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის კუთხით პრევენციასა და რეფერირების სისტემებზე ორიენტირებული მექნიზმებით. დეტალურად აღნიშნული რეკომენდაციები წარმოდგენილი იქნება პარლამენტში და ჩვენ პირველივე საკომიტეტო მოსმენას დავუთმობთ სკოლებს და სკოლებში უსაფრთხოების რეგულაციების სამოქმედო კონკრეტულ გეგმებს“, - განაცხადა ჯაშმა.
კითხვაზე, რა კუთხით მოხდება მანდატურებსა და პატრულს შორის თანამშრომლობა, მარიამ ჯაშის განცხადებით, თანამშრომლობა განათლების სისტემის მანდატურის სამსახურსა და შსს-ს შორის უნდა იყოს პრევენციაზე, დანაშაულისა და კონფლიქტის თავიდან აცილებაზე ორინტირებული.
„აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება საპოლიციო რეჟიმის შესვლა სკოლაში. ეს არის გამორიცხული. საუბარია უფლებამოვალეობების უფრო მკვეთრ გამიჯვნაზე და ასევე თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც უფრო მეტად დაცულს გახდის როგორც უშუალოდ სკოლის ტერიტორიების, ასევე სკოლების მიმდებარე უბნებს“, - განაცხადა ჯაშმა.
რაც შეეხება განათლების მინისტრის განცხადებას, რომ იდენტიფიცირებულია შედარებით პრობლემური სკოლები, სადაც განსაკუთარებით მჭიდრო იქნება მანდატურებსა და პატრულს შორის თანამშროლობა, მარიამ ჯაშის განცხადებით, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება გაცხადებული.
„საუბარი იყო, ალბათ, შედარებით მაღალი რისკის სკოლებზე, სადაც სტატისტიკის მიხედვით შეიძლება უფრო ხშირად ფიქსირდებოდეს დანაშაულისა და კონფლიქტის შემთხვევები. აღნიშნულ სტატისტიკას კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან ერთად უკვე განათლების სამინსიტრო წარმოადგენს“, - განაცხადა ჯაშმა.