ადვოკატი გავრცელებულ ვიდეოკადრებზე - ნაცნობობა არ არის დანაშაულის შემადგენლობა, თუ არ იქნება დადასტურებული მათი გეგმები

ნაცნობობა არ არის დანაშაულის შემადგენლობა, თუ არ იქნება დადასტურებული მათი გეგმები და ის, თუ რაზე საუბრობენ ისინი, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილისა და რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

ადვოკატი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე გავრცელდა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, თავდაპირველად საჭიროა სასამართლომ აღნიშნული მასალები განიხილოს და გადაწყვიტოს, იქნება თუ არა კადრები მტკიცებულების სახით დართული საქმეზე, მანამდე პირების ბრალეულობაზე საუბარი და მასალების შეფასება როგორც მტკიცებულება, ნაადრევია.

„გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლის ავთენტურობა და წარმომავლობა დადასტურებული არ არის. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს მტკიცებულების ძალა და რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, საუბარი ნაადრევია აღნიშნული მასალის შეფასებაზე. უდანაშაულობის პრეზუმფცია გარკვეული კომენტარების გაკეთებისას ისეც ირღვევა, როდესაც პირების ბრალეულობაზე საუბრობენ. ჩემი შეფასებით, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იცნობდეს სხვა ნებისმიერ ადამიანს და აქ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს, შესაბამისად, ბრალდებაზე არაფერს გვეუბნება“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში დღეს რუსლან ალდამოვთან შედის, რათა მას საკუთარი პოზიცია და საქმის მიმდინარეობა გააცნოს. ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, ის რუსლან ალდამოვს აჩვენებს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის ლიკვიდირებული თანამზრახველის ფოტოსაც. ადვოკატის განმარტებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა წინა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, იცნობდეს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ერთ-ერთ პირს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. კადრების მიხედვით, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს