ზუგდიდის მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და მთავარ სპეციალისტებს თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ

ზუგდიდის მერიაში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს, შრომითი ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

ცვლილება სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე, მთავარ სპეციალისტებს ეხებათ. გარდა ამისა, საკრებულოში ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გაჩნდა, რომლის შრომითი ანაზღაურება 1 250 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას თქმით, თანამდებობრივი სარგოს მომატება ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს. „კოეფიციენტებზეა დამოკიდებული, ზოგს 100, ზოგს კი 200 ლარით გაეზარდა ანაზღაურება. ჩვენ გვესმის საჯარო მოხელეების დატვირთული გრაფიკი და პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ საკრებულოს მოგვცემს საფუძველს, რომ მეტი კონტროლი გავუწიოთ მათი მუშაობის ეფექტურობას და ხარისხს, რომ გაამართლონ მაღალი სახელფასო ანაზღაურება“, - განაცხადა წოწერიამ.

საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. მათი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, ხელფასების გაზრდა არ არის გამართლებული.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა დღეს, ასევე, საკრებულოს მომავალ სხდომაზე ქალაქის მერიისა და „თაუნ პარკის“ წარმომადგენლების მისვლა ითხოვეს. შესაბამისი შუამდგომლობა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ, ანი წითლიძემ დღეს დააყენა. მისი თქმით, პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და გაირკვა, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და მას ბიუჯეტში ექვსი თვის განმავლობაში ფული არ შეუტანია. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მერიამ „თაუნ პარკს“ ბიუჯეტში თანხის შესატანად და დავალიანების დასაფარად 10-დღიანი ვადა მისცა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან