ექიმი არ გამორიცხავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მის მიღებაზე რომელიმე კლინიკამ თავი შეიკავოს

საქართვერლოს ჯანდაცვის სამინისტრო ავსტრიის ერთ-ერთი კლინიკიდან ელოდება დადებით პასუხს, რათა პანკიში დაჭრილმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილმა მკურნალობის პროცესი იქ განაგრძოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროსა და ავსტრიის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკას შორის პაციენტის მიღების თაობაზე ატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გაგვაჩნია არის ის, რომ აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსა და ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკას შორს, საიდანაც ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას მიღების თაობაზე. კონკრეტულად რომელი კლინიკაა, არ ვიცი და ვერ გეტყვით. ჯერჯერობით არც თურქეთის კლინიკიდან არანაირი ინფორმაცია არ მოსულა მიღების თაობაზე. ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს ინფორმაცია და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგივეა, რაც იყო დილით - პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა“, - განაცხადა ექიმმა.

ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, პაციენტის მიღებაზე რომელიმე კლინიკამ თავი შეიკავოს.