მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ხალხი უნდა მოემზადოს ოლიგარქიული ჭირის მოსაშორებლად

მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დროა ხელები დავიკაპიწოთ, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც მალე დადგება და როდესაც ყველა ერთად დავახვევინებთ ოლიგარქს და მის მონებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ჩვენი ცხოვრებიდან, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ქართველი ხალხი უნდა მოემზადოს ოლიგარქიული ჭირის მოსაშორებლად.

”ეს კაცი (ბიძინა ივანიშვილი) არის საქართველოს დიდი უბედურება. მისი მეშვეობით გვანგრევს მტერი, ჩვენ საქმეებში ხელს აფათურებენ მათ შორის უკრაინელი ოლიგარქები. მე გავხდი მთავარი თავის ტკივილი პუტინის, უკრაინელი ოლიგარქების და ივანიშვილის. ის, რაც მოხდა თბილისში დღეს, არის პუტინის დავალების პირდაპირი შესრულება სამი ქვეყნის ოლიგარქების და მათი ადგილობრივი შემსრულებლების მიერ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაშორებლად, გამოვაცხადოთ განსაკუთრებული მობილიზაცია და ამაში ჩავერთვები ძალიან აქტიურად. დღევანდელი გადაწყვეტილება არის შეშინებული, დამფრთხალი, პატარა გნომის შურისძიება ჩემს წინააღმდეგ. ის სუსტია, კუთხეშია მიმწყვდეული და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. საქართველო ისევ უნდა გავათავისუფლოთ და სწორ გზაზე დადგეს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დროა ხელები დავიკაპიწოთ, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, რომელიც მალე დადგება და როდესაც ყველა ერთად დავახვევინებთ ოლიგარქს და მის მონებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ჩვენი ცხოვრებიდან”, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ეთერში.