გიორგი ბერაია - მართლმსაჯულების სისტემაში მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოტანით, შესაძლოა, კონსტიტუციურობის პრობლემა წარმოიქმნას

მართლმსაჯულების სისტემაში მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოტანით, რომელიც სადავო საქმეებს განიხილავს, შესაძლოა კონსტიტუციურობის პრობლემა წარმოიქმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი ბერაიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც ინიცირებული კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით განიხილეს.

“გვაქვს შენიშვნები იმ ახალ ინსტიტუტთან დაკავშირებით, რომელიც ინიცირებული კანონპროექტით არის შემოთავაზებული. იზრდება მაგისტრი მოხელის მიერ განსახილველ საქმეთა წრე. მას შეეძლება განიხილოს არამხოლოდ უდავო წარმოების საქმეები, სადაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები არ არიან, არამედ ისეთი საქმეებიც, სადაც სადავო საკითხი იხილება. ეს არის იგივე სასესხო ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. ასეთ დავებთან მიმართებით შესაძლოა არსებობდეს გარკვეული კითხვის ნიშნები მაგისტრი მოხელის სათანადო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით დისკუსიას. შესაძლოა აქ წარმოიქმნას კონსტიტუციურობის პრობლემა, მით უმეტეს, რომ გარდამავალი დებულებებით ასევე განისაზღვრება, რომ მოქმედი მაგისტრები, რომლებიც დაინიშნენ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არამედ სხვა ორგანოს მიერ, 6 თვის განმავლობაში ისინიც განახორციელებენ ამ უფლებამოსილებას, რაც განსაკუთრებულად საკამათოა, რადგან კონსტიტუციით მოსამართლეები დანიშნული უნდა იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბერაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და პარლამენტს მისი მიღებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტი შემოდის, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს. ამას მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეები და მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეები.

პროექტის მიხედვით, მაგისტრი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს. მაგისტრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის იგივე საფუძვლები და სამართალწარმოება ვრცელდება, რაც მოსამართლეებისთვის არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შესაბამის მოხელედ (მაგისტრად) შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტი ცვლილებებს სასამართლოს საქმეებისგან განტვირთვის საჭიროებით ხსნის.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა