ექიმი - მაჩალიკაშვილის ავსტრიაში ან თურქეთში გადაყვანაზე ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას დამატებითი ინფორმაცია ქართველი ექიმებისთვის არ მიუწოდებიათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, არც ავსტრიიდან და არც თურქეთიდან ამ ეტაპზე პასუხი არ აქვთ, თუ როდის შეძლებენ ისინი პაციენტის მიღებას.

„ამ ეტაპზე არც ავსტრიიდან, არც თურქეთიდან აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. ავსტრიიდან არის ასეთი პასუხი, რომ ადგილის გათავისუფლებას ელოდებიან, თურქეთი კი არ ვიცი რატომ არ გვაძლევს პასუხს - თქვეს, რომ მაქსიმუმ 48 საათში მზად ვიქნებით პაციენტის მისაღებადო, თუმცა ამ დრომდე არ დაგვკავშირებიან“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ავსტრიის კლინიკის მიერ მაჩალიკაშვილის მიღებაზე ინფორმაცია საავადმყოფომ ოჯახისგან მიიღო და ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური დასტური ამ ინფორმაციის სისწორის თაობაზე ამ ეტაპზე ექიმებს არ აქვთ.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს