ფიქრია ჩიხრაძე - ეს პრეცედენტი ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერი შეწყალების აქტს, რომელიც პრეზიდენტებს განუხორციელებიათ თუ მომავალში განახორციელებენ

ეს პრეცედენტი ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერი შეწყალების აქტს, რომელიც წარსულში პრეზიდენტებს განუხორციელებიათ, თუ დღეს ან მომავალში განახორციელებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ გამოტანილი განაჩენის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ძალიან შემაშფოთებელია სასამართლოს განაჩენი სწორედ ამ ნაწილში, რადგანაც ეს ეხება შეწყალების უფლებამოსილებას.

„შეწყალების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი და აქ არის მთავარი პრობლემა ის, რომ ზოგადად, ეს პრეცედენტი ეჭვის ქვეშ აყენებს ნებისმიერი შეწყალების აქტს, რომელიც წარსულში პრეზიდენტებს განუხორციელებიათ, თუ დღეს ან მომავალში რომელიმე პრეზიდენტი განახორციელებს. ეს წინააღმდეგობრივია კონსტიტუციურ ნორმებთან და ძალიან პრობლემურია საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მეორე თემა, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია ჩვენი საზოგადოებისთვის არის ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ძალიან აწუხებდა და ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღსრულებისთვის, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ამ კომპლექსურ დანაშაულში მონაწილეობდნენ, არიან დასჯილები. ნაწილი ადამიანებისა, იმის გამო, რომ მათ მიმართ ბრალდება ვერ დასაბუთდა, არ არიან დასჯილები. ზოგი საზღვარგარეთ იმყოფება და ამის გამო მათი ექსტრადირება ვერ მოხერხდა. ნაწილი ადამიანების, ჩვენდა სამწუხროდ, დაწინაურდნენ და დღესაც, ახალი ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით ვიცით, როგორ ხდებოდა ამ ამბების გადაწყვეტა, რაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პირების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაში მდგომარეობდა, მაგრამ არა სხვა მიმართულებით და მხოლოდ შეწყალების მიმართულებით მსჯვარის დაყენება, ძალიან პრობლემურია. შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის პრეროგატიული, ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამის ეჭვქვეშ დაყენება ყველანაირად გაუმართლებელია. ვფიქრობ, ასე საკითხის დაყენება პროკურატურის მხრიდან ძალიან არაკვალიფიციური იყო და ამას ექნება ძალიან ცუდი გაგრძელება როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის სერიოზული პრობლემა, ამაზე გაამახვილა პრეზიდენტმა ყურადღება და როგორც ჩანს, ეს საკითხი კიდევ დიდხანს იქნება დღის წესრიგში“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გუშინ გამოცხადდა. სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს