ბათუმში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო გაიმართა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საზეიმო მსვლელობას დასაწყისშივე შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აპარატის თანამშრომლები.
შობის მახარობლებმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა 12:00 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს.
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მეალილოეებს გზად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის თვითმმართველობის, ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ და საშობაო ნობათი გადასცეს.
”სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღის მადლი მოეფინოს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს”, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
”მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები, ტრადიციულად, ხელმოკლე ოჯახებს და უპოვრებს გადაეცათ. საშობაო ალილო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა, აჭარაში ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით განახლდა, წელს მე-12-ედ აღინიშნა”, - ნათქვამია უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.