მამუკა მდინარაძე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს იმდენად დაბალანსებული, რომ ამან დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობებზე

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს იმდენად დაბალანსებული, იმდენად სწორი, რომ ამან დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობებზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქის თითოეული სიტყვა არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, რომ მან ნარკოპოლიტიკაზე მიანიშნა. „ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, გამკაცრდეს პოლიტიკა იმ ნაწილში, რაც ნარკოტიკების გასაღებას შეეხება. უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია. თემა ძალიან სენსიტიურია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს იმდენად დაბალანსებული, იმდენად სწორი, რომ ამან დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობებზე. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი შვილების ცხოვრებაში რისკები გამოვრიცხოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის განმარტებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დახვეწას საჭიროებს. „არის ძალიან ბევრი დეტალი. მაგალითად, მნიშვნელოვანია, დოზები ისე განისაზღვროს, რომ გამოირიცხოს რისკები და ნარკოგამსაღებლებს არ მიეცეთ რაიმეთი სარგებლობის შესაძლებლობა. ასეთი ხვრელი არ უნდა იყოს კანონმდებლობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრი და შეუვალი. ნარკოპოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ნარკოტიკების მოხმარება იყოს სირცხვილი, თუმცა, ამას მხოლოდ კანონი არ უშველის. ამ პროცესში საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს“, - აცხადებს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა