თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე - თიანეთის მერიის ძველ სპეციალისტებს წამებასთან გათანაბრებულ შრომით პირობებში ამყოფებენ

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ახალ მერს თამაზ მეჭიაურს მერიის ძველი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება სურს და ამ მიზმნის მისაღწევად მათ გაუსაძლის შრომით პირობებში ამყოფებს.

კერძოდ, როგორც წოწკოლაურმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე მესამე თვეა, რაც მერიის თანამშრომლებს არ ამარაგებენ შეშით, რათა გაუსაძლისი სიცივისა და სამუშაო პირობების გამო, დაწერონ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს ეკატერინე ქარდავას მიმართავს, “განახორციელონ მონიტორინგი “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის (“მოხელისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა“) თიანეთში მასობრივად დარღვევის ფაქტების, ასევე, დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი ქმედების აღმოფხვისათვის“.

“გასული წლის 12 ნოემბერს, მუშაობას შეუდგნენ მუნიციპალიტეტების ახლად არაჩეული მერები, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, ერთი ხმის უპირატესობით გამარჯვებული თამაზ მეჭიაურიც. სამწუხაროდ, 12 ნოემბრიდან მოყოლებული, აგერ უკვე მე-3 თვე დაიწყო, მაგრამ თიანეთის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მომუშავე მერიის წარმომადგენლები და სპეციალისტები გაუსაძლის შრომით პირობებში იმყოფებიან. კერძოდ, დღემდე არ მომხდარა მათი საშეშე მერქნით მომარაგება. თიანეთის 10-გრადუსიანი ყინვის პირობებში, მათ მუშაობა არაადამიანურ გარემოში უწევთ. ფაქტია, რომ ამისათვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია, მერი შესყიდვის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა შეგნებულად არ იმოქმედეს იმ მიზეზით, რომ თამაზ მეჭიაურს მათი სამსახურიდან განთავისუფლება სურს. მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებული ვარ ამის თაობაზე საზოგადოებას ვამცნო. 21-ე საუკუნეში ადამიანების დისკრიმინაცია, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით, დაუშვებელია. სამწუხაროდ, თამაზ მეჭიაური, თავისთვის ხელფასის მომატებას მოითხოვს, ხოლო 30-ზე მეტ ადამიანს მათი სამსახურიდან წასვლის იძულებისთვის ელემენტარულ სამუშაო პირობებსაც კი არ უქმნის. მათ 09:00 საათიდან 17:00 საათამდე სამსახურში მუდმივ ყოფნას ავალდებულებს. საინტერესოა, ვინმე შეძლებს, რომ 10-გრადუსიანი ყინვის პირობებში, დილიდან საღამომდე, გათბობის გარეშე სამუშაო ადგილზე იყოს და სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულოს?!“, - განაცხადა თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარემ.

თამაზ მეჭიაური გიორგი წოწკოლაურს საპასუხო ბრალდებებით პასუხობს და როგორც განმარტავს, საშეშე მერქნის შესყიდვაზე ტენდერი გაცილებით ადრე უნდა ჩატარებულიყო, ვიდრე ის გახდებოდა თიანეთის მერი. მეჭიაური იმასაც ამბობს, რომ “წოწკოლაური ქუცნაშვილის დარიგებით საუბრობს“.

“გიორგი წოწკოლაური და მისი ზოგიერთი თანამოაზრე სამსახურში იმდენად იშვიათად დადის, რომ არც იციან, როგორი ტემპერატურაა თიანეთში - მინუს გრადუსიანი ტემპერატურა ჯერ არ ყოფილა. ტენდერი საშეშე მერქნის შეძენაზე ჩემს მოსვლამდე უნდა გამოცხადებულიყო და მანამდე მომხდარიყო შესყიდვა. წოწკოლაური რომ ამბობს, უკვე მესამე თვეა იყინებიანო, ორი თვეც არ არის, რაც მე მერის თანამდებობაზე ვარ და თუ მესამე თვეა იყინებიან, მის ხელისუფლებას ბოლომდე არ უნდა ამოეწურა ბიუჯეტი და უნდა შეეძინა შეშა აქტივისტებისათვის. ისინი აქტივისტები იყვნენ და არიან დღემდე. სამი ტერიტორიული ერთეულის შენობაში საერთოდ ვერ შედიან, რადგან მათ მოაწერეს სამუშაოების შესრულებაზე ხელი და ამ საქმეს ანტიკორუფციული სამსახური იძიებს. ასე რომ, მათ გათბობაზე შეიძლება საერთოდ სხვა ორგანოებმა იზრუნონ. არის უამრავი სხვა დარღვევა და აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე“, - აცხადებს მეჭიაური.

ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2019
ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის